თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისგან ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ “მავნებლობას” თავს დაანებებენ.
ასე გამოეხმაურა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას ათასამდე მოქალაქის ქვეყანაში უფასოდ ჩამოყვანის შესახებ.
მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეებს ჩამოსაყვანად რეისები არსებობს, გასულ დღეებში ჩამოიყვანეს ადამიანები და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
“ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე დახმარების და ხელშეწყობის, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს.
ნაციონალურ მოძრაობას უპასუსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და თქვა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.
გახარიას თქმით, ხელისუფლებას სიტყვიერი რჩევები არ სჭირდება და “თუ ვინმეს თავი აქვს”, მივიდეს მოქალაქეებთან და არ ისაუბროს ტელევიზორიდან, “პოლიტიკური კეკლუცობისთვის”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ფრენებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.