“ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება.
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბკოლჩეინ-სისტემით აირჩევენ. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარტიის 69 წევრმა 1-ის წინააღმდეგ.
ე.წ. ბლოქჩეინის პლატფორმას არაერთი ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება თუ ორგანიზაცია იყენებს არჩევნებისთვის. სისტემა ისეა შექმნილი რომ მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკულად გამორიცხულიც.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურების წარდგენის ვადა სამშაბათს, 13 დეკემბერს ამოიწურება.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი, არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარდა, მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება იყო და მათ სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.
ნაყოფია ამბობს, რომ პარტია “ყველაფერს გააკეთებს” იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.
მან ასევე განაცხადა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, თითქოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა.
„ეს, რაც ახლა ხდება პარტიაში, არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომლითაც პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ამ ეტაპზე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე მონაწილეობენ.
სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიამ გამოავლინა უპრეცენდენტო ერთობის უნარი.
“მე მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც არიან ამ წუთას და დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში. მივესალმები კიდევაც, კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდეც მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე გაიმართება არაერთი სასამართლო პროცესი და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები, მხარდამჭერები, შევიკრიბებით სასამართლოს ეზოში მაგრამ უმნიშვნელოვანესი თარიღი არის ბოლო თარიღი სასამართლო პროცესისა, – ამბობს მელია.