საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შეახსენონ „ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა მათი მმართველობიდან“.
„ის პერიოდი, ის 9 წელი, რომლის დროსაც სააკაშვილის ხელისუფლება მართვადა ქვეყანას და რომლის დროსაც არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ადამიანების წინააღმდეგ, ამის გახსენების პასუხისმგებლობა ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ. მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქი-ბუქით, არამედ ჩვენს მოსახლეობასთან უნდა მივიდნენ და ბოდიში მოიხადონ. ერთი ბოდიში არ მოუხდიათ ამ წლის განმავლობაში. არ აქვთ მათ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი არქმევენ სახელმწიფოს ღალატს, მაგალითად, კომპრომისს. ასეთი ხალხისგან არის პრეტენზიები, რომ რატომ ვახსენებთ წარსულს – იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. როგორც ოკუპაციის, ისე ადამიანის უფლებების მიმართ. ჩვენი საზოგადოებისთვის შეხსენება არის პრევენცია“,- განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უნდა შეახსენოს, რომ თუ ხელისუფლებაში ეს „საფრთხის მატარებელი ძალა“ მოვიდა, საზოგადოებას პრობლემებს შეუქმნის.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის პრობლემები, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხები. მთლიანად ამ საკითხებზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა, თავისთავად ცხადია, გვწამს და გვჯერა რა, გამომდინარე იმ მძიმე ფაქტებიდან, რაც წინა ხელისულებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „კლასტერს“, არის ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი (ეს არის ფაქტებით განმტკიცებული და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, ამ ფაქტებს ამტკიცებს მათ შორის სტრასბურგის სასამართლო თავი არაერთ გადაწყვეტილებაში), ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც ყოველდღიური გამოწვევები აქვს, უნდა შევახსენოთ, რომ თუ ეს საფრთხის მატარებელი ძალა მოვიდა, პრობლემებს შეუქმნის საზოგადოებას. ცხადია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, თუმცა საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა მათი მმართველობიდან და რომელთაც აქვთ პოლიტიკური ამბიცია, რომ არჩევნებში რამეს მიაღწიონ“,- განაცხადა სესიაშვილმა.