აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი-კარდიოლოგის, ნანა გეგეჭკორის განცხადებით, დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ მასზე იძალადა.
მისი თქმით, ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირებისა და “ნარკანით” გადარჩენის ვერსია “სამედიცინო აბსურდია”.
“ცოცხალიც რომ დარჩენილიყო, ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას. ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი: ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.
P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით”,– წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, შსს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გარეშე ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. TV პირველის ოპერატორს 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის გარდაიცვალა. ის დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.