ნებისმიერი ვაქცინით აცრილები ბუსტერის გაკეთებას 3 თვეში შეძლებენ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუსტერ დოზით აცრა შეეძლოთ სინოფარმით, სინოვაკით, ასტრაზენეკათი და ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანებს მეორე აცრიდან 3 თვეში.

“დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. თუ აქამდე ბუსტერ დოზა შესაძლებელი იყო ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო სინოფარმი-სინოვაკის ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს მესამე თვიდან”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში, ხოლო ორშაბათიდან ამოქმედდება.