ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ 20% ოკუპირებულია – ვაჟა გაფრინდაშვილი

“ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა ითქვას, რომ 20% ოკუპირებულია”- ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა TV პირველზე, თამარ ჩიხლაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა აღინიშნოს რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და შეხვედრაზე უნდა ვაჩვენოთ რომ ეს პრობლემა ერთეული მოქალაქის საფიქრალი არ არის.

“ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე, სიმპოზიუმზე უნდა ითქვას – გამარჯობა, აფხაზეთი ჩვენია, ოსეთი ჩვენია, 20 პროცენტი ოკუპირებულია, კარგად იყავით. ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის 5, 10, 20 კაცის საფიქრალი.”- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.48-დღიანი პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.