ნებისმიერ სხდომაზე შესვლა პარლამენტის ლეგიტიმაციაა – ხოშტარია რესპუბლიკელებზე

ელენე ხოშტარია ეხმიანება რესპუბლიკური პარტიის განცხადებას და ამბობს, რომ პარლამენტის ნებისმიერ სხდომაზე შესვლა პარლამენტის ლეგიტიმაციას ნიშნავს, რაც სერიოზული შეცდომაა.

“ეს პოზიცია ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რაც თავისთავად ცუდია, იმიტომ, რომ, როდესაც პოზიციას იცვლი, ალბათ უკეთესია, გაიარო კოლეგებთან ერთად, იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომლის ნაწილიც არიან რესპუბლიკელები. რასაც ისინი ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ დაბეჯითებით საუბრობენ, რომ არ შედიან პარლამენტში, ნებისმიერ სხდომაზე შესვლა არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩემი პოზიცია არის ცალსახა – ეს არის არასწორი, ეს არის სერიოზული შეცდომა და გადახვევა იმ პოზიციიდან, რაც აქამდე ჰქონდათ.

მათ პოზიცია ყოველთვის იყო პრინციპული და ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ისინი დაფიქრდებიან, რა ზიანი შეიძლება ამან მიაყენოს არა რომელიმე ჯგუფს, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს და პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ჩვენ ყველას ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაქვს”. – თქვა ელენე ხოშტარიამ ტაბულასთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე პარლამენტში შევიდეს და მას მხარი დაუჭიროს.