ნეთანიაჰუმ ჰამასის ვიდეოჩანაწერს “სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც მძევლად აყვანილი 3 ისრაელელი ქალი ჩანს, “ბოროტი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა.

ვიდეოს პირადად ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და “მძევლებს” მიმართა.

„ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია „ჰამასის“ და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ ვიდეოში ნაჩვენები სამივე ქალის იდენტიფიცირებაც მოახდინა და მათი სახელებიც თქვა – დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და ელენა ტრუპანობა.

რამდენიმე საათის წინ „ჰამასმა“ ვიდეო გაავრცელა. 76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს,ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა „ჰამასის“ ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.