ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
“მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე”. – თქვა მოსამართლემ.
სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პარალელურად, ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. იმის მიუხედავად, რომ ამაღლობელის კოლეგებს, ჟურნალისტებს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდათ, მათთვის მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილების მოსმენა მაინც მძიმე აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ტერორი თავისუფალ მედიაზე და მოქალაქეებზე.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.