ნიგერიაში 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს

300-ზე მეტი გოგო მოიტაცეს უცნობმა ბოევიკებმა ნიგერიი ჩრდილო–დასავლეთში მდებარე სკოლა ინტერნატიდან. პოლიცია თვლის, რომ სკოლის მოსწავლეები ტყეში წაიყვანეს. ამბავი პარასკევს დილით შტატ ზამფარას დასახლება ჯანგებეში მოხდა.

შეიარაღებული ბანდიტები ნიგერიაში ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეების გამოსასყიდის მიღების მიზნით.

პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჟარიმ გატაცება დაგმო და მას არაადამიანური და სრულიად მიუღებელი უწოდა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაემორჩილება ბანდიტების შანტაჟს, რომლებიც უდანაშაულო მოსწავლეებს გამოსასყიდის მიღების მიზნით იტაცებენ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება ბანდიტების წინააღმდეგ “უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს, თუმცა არსებობს შიში, რომ ბანდიტები გოგოებს ფარად გამოიყენებენ.

გასულ კვირას მეზობელ ნიკერში ბოევიკებმა მინიმუმ 42 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის 27 მოსწავლე. ისინი დღემდე არ გათავისუფლებულან.

2014 წელს “ბოკო ჰარამის“ ბოევიკებმა 276 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთში. ეს რადიკალური ისლამური დაჯგუფება საერო განათლების წინააღმდეგ გამოდის. მისი წევრები ხშირად თავს ესხმიან სკოლებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

თავდასხმა პარასკევს ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოხდა. ადგილობრივი სააგენტო მასწავლებლის მონაყოლს აქვეყნებს, რომლის მიხედვით შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი სკოლას პიკაპებით და მოტოციკლებით დაესხა თავს. ზოგიერთი თავდამსხმელი უშიშროების სახელმწიფო ორგანოების უნიფორმებში იყო გამოწყობილი.

ზოგი მოწმე ამბობს, რომ თავდამხსმელთა რაოდენობა ასზე მეტი იყო და ისინი ფეხით მივიდნენ.

მათ სკოლის კარებები ჩამოანგრიეს და მცველებს ესროლეს, შემდეგ კი საერთო საცხოვრებელში შევიდნენ, გოგოები გააღვიძეს და უთხრეს, რომ ლოცვის დრო მოვიდა. გოგოები ტიროდნენ, ბოევიკებმა ისინი ერთად მოაგროვეს და ტყეში წაიყვანეს, გზად კი ჰაერში ისროდნენ.

ერთ–ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის 421 მოსწავლიდან მხოლდ 55 გადაურჩა გატაცებას.

გატაცებულთა მოსაძებნად ჯანგებეში პოლიციის გაძლიერებული რაზმები და სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნეს.

იუნისეფში აცხადებენ, რომ აღშფოთებულნი არიან ნიგერიაში სკოლის მოსწავლეების მასობრივი გატაცების მორიგი ფაქტით.

გასული წლის დეკემბერში მეზობელ შტატ კაცინაში ბოევიკებმა 300–ზე მეტი სკოლის მოსწავლე ბიჭი გაიტაცეს. ისინი საბოლოოდ მოლაპარაკებების შემდეგ გააავისუფლეს.