ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლის საქმიანობა აღკვეთა, რომელიც ცდილობდა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორად დაეწყო მუშაობა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით რუსი ჯაშუში რუსეთის დაზვერვის სახლმწიფო სამსახურზე ბრაზილიის მოქალაქის საფარქვეშ მუშაობდა და ის ნიდერლანდებში ბრაზილიიდან ჩავიდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს პიროვნება ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ითვლება, ამიტომაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მის შესახებ ქვეყნის მიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურს შეატყობინეს.
“ამის საფუძველზე დაზვერვის ოფიცერს უარი ეთქვა ნიდერლანდებში შესვლაზე აპრილში. ის მიუღებელ პერსონად ცნეს და უკან, ბრაზილიაში პირველივე რეისით გაიგზავნა.“– წერია განცხადებაში.
ვინ იყო რუსი ჯაშუში?
მედიის ინფორმაციით, რუსული დაზვერვის ოფიცერი თავს ბრაზილიის მოქალაქედ, ვიქტორ მიულერ ფერეირუდ ასაღებდა. დაბადების წლად 1989 წელი ჰქონდა მითითებული, როცა სინამდვილეში ის 1985 წელს დაბადებული სერგეი ვლადიმირის ძე ჩერკასოვია. ჯაშუშური საქმიანობის შესანიღბად ის კარგად გააზრებულ შენიღბვას იყენებდა და რუსეთთან და მის დაზვერვასთან კავშირებს კარგად მალავდა.
ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ჩერკასოვმა ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება გაიარა და უფრო მეტად ცნობილია, როგორც “არალეგალი“. ცნობილია, რომ არალეგალური რეზიდენტურის თანამშრომლების გამოჭერა მათი ფსევდონიმების გამო რთულია. ისნი საზღვარგარეთ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტით იმყოფებიან, არანაირად არიან დაკავშირებული საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან და იქ არცკი ჩადიან, რათა ადგილობრივი სპეცსამსახურების ყურადღება არ მიიპყრონ და არ გაიშიფრონ.
ნიდერლანდების სპეცსამსახურების ცნობით, “ჩერკასოვი რუსულმა დაზვერვამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოსკოვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გაგზავნა, რადგან ეს სასამართლო სამხედრო დანაშაულებს იძიებს, მათ შორის რუსი სამხედროების მიერ საქარათველოში 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს“. –ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ჩერკასოვს რომ ჰააგის სასამართლოს სტაჟიორად მუშაობის დაწყება მოეხერხებინა და მის მასალებზე წვდომა მიეღო, შეეძლო იქ სადაზვერვოი ინფორმაცია მოეპოვებინა, მოეძებნა და გადაებირებინა წყაროები, მიეღო წვდომა სასამართლოს ციფრული სისტემებთან.
“ამგვარად, მას შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა იმ მონაცემების მოპოვებაში, რომელსაც რუსული დაზვერვა ეძებს. მას გავლენაც კი შეეძლო მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე “– წერს ნიდერლანდების დაზვერვაისა და უსაფრთხოების სამსახური.