ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი – მამუკა მდინარაძე

“ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი”, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“გუშინ მთელმა ქვეყანამ იხილა, რამდენად მწვავე  რეაქცია ჰქონდა პირადად ნიკა გვარამიას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტიის ნიუსლეთერში მოხვდა ინფორმაცია რურუას შესახებ და დღეს თავად აღიარეს, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი.აქედან გამომდინარე მე მგონია ყველაფერი ნათელია. ასეთი არათანმიმდევრულობა არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგი, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტყვებს, ქცევებს, გუშინ საუბრობდნენ, რა საშინელება გააგზავნა მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან რურუას შესახებ, რაც დააბრალეს კახა კუჭავას და დღეს საუბრობენ, რომ რურუა კრიმინალური ავტორიტეტია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.