ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია და უწყება ორ პირს ეძებს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.კ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.კ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა”,– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.კ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.