“მივდივარ? დიახ, მივდივარ. ენმ იქცა მანკიერ მოჯადოებულ წრედ – ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა რითიც “საბოლოო გადაწყვეტილება” გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა.
“ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს, მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწყმო.
ყველაფერ ამისთვის ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლათფორმებიდან, ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება და ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესი.
და დღეს ყველას ერთად, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ გავლენებზე. დაფუძნებულია თავიდან ბოლომდე ფულზე. გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, რომელიც გასაქან არ აძლევს პატიოსნებას, გასაქანს არ აძლევს წესიერ გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ, მორალურ, გულწრფელ პოლიტიკას და გასაქანს არ აძლევს პრაქტიკულად არცერთ იდეალისტ ადამიანს ამ სფეროში.
დღეს, საქართველოში გვაქვს სისტემა,რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომლებიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული “ნაციონალურ მოძრაობაში”. ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც არის ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით, და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, – თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, ენმ-მ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, პარტიის ერთობის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. პარტიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.
მანიფესტს ხელს აწერენ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა ხელი არ მოაწერა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა.
პატიმრობაში მყოფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ.
ენმ-ის თავმჯდომარემ, 27 ნოემბერს, ლევნ ხაბეიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა და მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.
„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.
ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა: „ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.
ხაბეიშვილმა ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.
უკვე რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში ენმ-ის წევრები ტოვებენ. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა.
ზუგდიდის საკრებულოში ენმ 14-მა ადამიანმა დატოვა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმაც. ენმ-ი ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.