პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მელიას საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს.
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მათი დასწრება სავალდებულოა, რადგან მხარეს წარმოადგენენ.
“ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?!
უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია ფორმულასთან საუბრისას.
დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს, რის შემდეგაც პროკურატურა მის დაპატიმრებას შეძლებს.