ნიკა მელიას გამარჯვების მოლოცვა და მარცხთან შეგუება მოუწევს – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს იმედი აქვს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ნიკა მელიას კი მისთვის მილოცვა მოუწევს.

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს”,– ამბობს კალაძე.

მისივე განცხადებით, მელიას “მარცხთან შეგუება მოუწევს”.

“დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“,- აღნიშნა კალაძემ.