ნიკა მელიას განცხადება, არის მისი პარტიის და მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციის სირცხვილი – ნიკოლოზ სამხარაძე

“ნიკა მელიას განცხადება, არის მისი პარტიის და მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციის სირცხვილი”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ოპოზიცია უკვე ისეთ ტრივიალურ საკითხებზე, მაგალითად, როცა პატრული აჩერებს ოპოზიციონერს წითელ შუქზე გავლისთვის, ამასაც პოლიტიკურ ზეწოლას ეძახის, ამიტომ ჩემთვის ეს განცხადებები არის ცარიელი განცხადებები.

როცა საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი, რადგან კანონმორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინებაა, არამედ არის კანონის უპატივცემულობა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს,”- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურა კი ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.