ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

“გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 11 აპრილს, 13.00 საათზე”, – ნათქვამი იყო ნიკა მელიასთვის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება გუშინ, 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.