„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ვაშინგტონში მელია შეხვედრებს გამართავს კონგრესში, სენატში, უშიშროების საბჭოში და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მისი თქმით აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
თბილისის აეროპორტში მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.
„ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 – დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი.
მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა საერთაშორიოს თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის პირველი შეხვედრაა ამ რანგის და მინდა მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს“, -თქვა მელიამ.