საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია კრიმინალია და მასთან მიმართებაში კანონი უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.
“მელია კრიმინალია იმიტომ, რომ სასამართლომ შერაცხა კრიმინალად “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე. მე ყველას შევახსენებ, რომ არ შეიძლება ალიბი იყოს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა… ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ ის იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სავარაუდოდ, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას და გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას… როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი…
სიმართლე არის ძალიან მარტივი, ერთი რამ ახსოვდეს ყველას – არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულების თავშესაფარი. თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ეს პარტია არის კრიმინალების და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც მორიგი აღიარებაა. ასე, რომ ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.