ნიკოლაი ბელიკოვის ქვეყნიდან გაძევების საკითხი დროებით შეჩერებულია

22 ოქტომბერს დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ნიკოლაი ბელიკოვის დეპორტაციის საკითხი დროებით შეჩერებულია.

გუშინ, 5 ნოემბერს, 14 დღიანი პატიმრობის შემდეგ მან ფოთის იზოლატორი დატოვა – მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ბელიკოვს ქვეყნიდან გაძევება მიესაჯა, თუმცა გაძევების გადაწყვეტილება ამ დროისთვის შეჩერებულია.

ნიკოლაი ბელიკოვის ადვოკატმა, დავით მჟავანაძემ დეპორტაციის გადაწყვეტილების შესაჩერებლად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის საფრთხისშემცველი მისი ქვეყნიდან გაძევება.

“არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ ნიკოლაის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომლებზეც შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო. მაგალითად, ის იყო ნავალნის თანამოაზრე [ალექსეი ნავალნი – რუსი ოპოზიციონერი, რომელიც 2024 წლის 16 თებერვალს ციმბირის ციხეში დაიღუპა]; ის არის რუსეთში რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიის წევრი; იყო აქტიური მოქალაქე, რომელიც პუტინის რეჟიმს ებრძოდა რუსეთში; ის ღიად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე; ის არ ერიდება საჯაროდ, თავის სოციალურ ქსელში პუტინის რეჟიმის მოქმედებების კრიტიკას როგორც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ასევე უკრაინაში” – ამბობს დავით მჟავანაძე.