ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც სახალხო დამცველს არ უშვებენ ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჩავიდა, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებულია. მან პანსიონში წირვა აღავლინა.
“ვიმყოფებით ამ შესანიშნავ ბავშვთა სახლში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელსაც პატრონობს, მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ვიცით ამ შესანიშნავი ბავშვთა სახლის მიღწევები, შრომა. ყველაზე დიდი დამსახუებაა ქართული ეკლესიის, ამ ეპარქიის სასულიერო პირების, მრვდელმთავრების, რომ პატირიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში დაფუძნდა კერა სადაც ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს”, – ეუბნება მეუფე სერაფიმე საპატრიარქოს ტელევიზიას.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მას შემდეგ დატოვა, რაც ის არასრულწლოვნმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა.
დღეს, თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები, სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ რომ სახალხო დამცველის წარმოამდგენელბი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვან.
“მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ შეუშვან პანსიონში სახალხო დამცველი, მეორე მოთხოვნა არის ის რომ დაისალოს ბავშვთა სახლები და გადანაწილდნენ ეს ბავშვები მიღებ ოჯახებში ან თავის ოჯახებში ან მცირე ზომის ბავშვთა სახლებში.
აქციის დასასრულს, ამ გადაკერებულ ზეწრების პეტიციაზე, ხალხი მარკერებით მოაწერს ხელს და შემდეგ ამ პეტიციას მივიტანთ პარლამენტში და პარლამენტის დეპუუტატებს მოვთხოვთ იმოქმედონ და დაიცვან ბავშვები.”- განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.