ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ის პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
“გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო” – ამბობს ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა, რადგან რუსეთი ბალეტის მნიშვნელობით “ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა”.
“თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა”,– ამბობს ანანიაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩება.
“სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი – ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა – მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.”,– განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.