„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.
ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.
ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.
ჯანმოს მიერ „ნიპა“ ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები“,
ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.















