ნიუ იორკელების თითქმის 20%–ს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

ქალაქ ნიუ იორკის მოსახლეობის 19.9%–ს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამის შესახებ ტესტების მონაცემებზე დაყრდნობით ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა. ნიუ იორკი აშშ–ში კორონავირუსის ეპიცენტრია.  შტატში  ამ დროისთვის 319,213         ინფიცირებული და 24,368 გარდაცვლილია, რაც აშშ–ს საერთო მაჩვენებლის მესამედია.

კუომოსი განცხადებით ხელისუფლებამ ანალიზები ანტისხეულების არსებობაზე მოსახლეობას მთელი შტატის მაშტაბით აუღო. სულ ამ მომენტისთვის 15 000 ადამიანია გატესტილი. შტატის მაშტაბით კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 12.3%–ს კორონავირუსის ანტისხეულები აქვს.

რაც შეეხება ქალაქ ნიუ იორკს, ანტისხეულები მისი მოსახლეობის 19.9 %–ს აღმოაჩნდა. ყველა მონაცემები წინასწარია და გასაშუალოებული.

“თუ ნიუ იორკს ავიღებთ, იქ ყველაზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა ანტისხეულები: 27.6% ბრონქსში, 19.2% ბრუკლინში, 17.3% მანჰეტენზე, 18.4% ქუინსში, 19.2% სტატენ აილენდზე“– განაცხადა კუომომ. მისი თქმით, ხელისუფლება მომავალში შეისწავლის, რატომ არის ბრონქსში ეს მაჩვენებელი ქალაქის სხვა რაიონებზე უფრო მაღალი.