ნიუ იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 25 წლის ქალი ამბობს, რომ გუბერნატორი კითხვებს უსვამდა მის სექსუალურ ცხოვრებაზე, იმაზე, არის თუ არა მონოგამიური ურთიერთოებში და ქონია თუ არა სექსი ასაკით უფროს მამაკაცებთან.
შარლოტა ბენეტი შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის პოლიტიკის თანაშემწე და მრჩეველი იყო გასული წლის ნოემბრამდე, ნოემბერში კი სამსახურიდან წავიდა. ქალი The New York Times–ს უყვება, რომ გუბერნატორი მას სექსუალურად ავიწროებდა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს, როცა შტატი კორონავირუსთან აქტიურ ბრძოლაში იყო ჩართული. ბენეტი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ეპიზოდი 5 ივნისს მოხდა, როცა ის კუომოსთან ერთად შტატის კაპიტოლიუმის ოფისში მარტო იყო. ინტერვიუების სერიაში მან თქვა, რომ გუბერნატორმა მას ბევრი კითხვა დაუსვა პირად ცხოვრებაზე, მათ შორის იმაზე, მისი აზრით აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა რომანტიულ ურთიერთობებში და თქვა, რომ ის მზად არის 20–25 წლის ქალებთან ურთიერთობისთვის. ეს კომენტარი ქალის ინტერპრეტაციით სექსუალური ურთიერთობების აშკარა შეთავაზება იყო.
თავად კუომო Times–სთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მხოლოდ მენტორის სტატუსით მოქმედებდა და არასოდეს უცდია ქალბატონ ბენეტთან ფლირტი და გაუმართლებელი საქციელი. ის ამბობს, რომ მოითხოვა ამ საკითხის დამოუკიდებელი შესწავლა და თხოვა ნიუ იორკის მაცხოვრებლებს შედეგებს დაელოდონ, სანამ მას განსჯიან და დასკვნებს გააკეთებენ.
როგორც შარლოტა ბენეტი ამბობს, ივნისის შეხვედრისას 63 წლის გუბერნატორმა მას შესჩივლა, რომ პანდემიის დროს მარტოობა აწუხებს და თქვა, რომ “ისიც კი არ შეუძლია ვინმეს ჩაეხუტოს“.
ქალი ამბობს, რომ კუომოს არასოდეს უცდია ფიზიკურად შეხებოდა, თუმცა მისი საუბრების ქვეტექსტი აშკარა იყო და ის თვლის, რომ გუბერნატორს მასთან სექსი უნდოდა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და შეეშინდა.
“ვფიქრობდი, როგორ გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი სამსახურის დასასრული იყო.“
ბენეტი ამბობს, რომ გუბერნატორ კუომოსთან ურთიერთობაზე მისი აპარატის ხელმძღვანელს, ჯილ დესროსიერს დაელაპარაკა,რის შემდეგაც სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს – ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩევლად, მისი ახალი ოფისი კი კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს იყო.
ბენეტი ამბობს, რომ ამის შემდეგ მალევე, ივნისის ბოლოს ვრცელი განცხადება შეიტანა გუბერნატორის სპეციალურ მრჩეველთან, ჯუდიტ მოგულთან.
თუმცა, როგორც ბენეტი ამბობს საბოლოოდ გადაწყვიტა გამოძიება აღარ მოეთხოვა, რადგან კმაყოფილი იყო ახალი სამუშაოთი და უნდოდა წინ წასულიყო. არანაირი ზომები გუბერნატორის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული.
თავის განცხადებაში გუბერნატორი კუომო შარლოტა ბენეტს შრომისმოყვარე და ფასეულ თანამშრომელს უწოდებს, რომელსაც სრული უფლება აქვს აზრი გამოთქვას. მისი თქმით, ქალი უყვებოდა, რომ სექსუალური ძალადობა გადაიტანა, რის შემდეგაც კუომომ სცადა მისთვის მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინა. კუომო ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა ქალს ის ეგრძნო, რის შესახებაც ახლა საუბრობს.
გუბერნატორი არ უარყოფს, რომ შარლოტა ბენეტს პირადი ხასიათის კითხვებს უსვამდა, თუმცა განცხადებაში ამბობს, რომ აღარ აპირებს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას მოკვლევის დასრულებამდე.
შარლოტა ბენეტის განცხადებებს წინ უძღვოდა კიდევ ერთი მსგავსი ბრალდება გუბერნატორის წინააღმდეგ. შტატის ყოფილი ჩინოვნიკი, ლინდსი ბოილანი რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობდა აცხადებს, რომ გუბერნატორი კუომო მას სექსუალურად ავიწროებდა 2016 და 2018 წლებში, ერთხელ კი მას მანჰეტენის ოფისში ტუჩებში აკოცა.
კუომოს ოფისი ბოილანის განცხადებებს სიცურეს უწოდებს, თუმცა მოითხოვს მისი განცხადებების გამოძიება მოხდეს.
ქალების მხრიდან სექსუალური ხასიათის ბრალდებების მიღმა ნიუ იორკის დემოკრატ გუბერნატორს, რომელიც უკვე მესამე ვადით არის არჩეული, სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს. მას იმის გამო უყენებენ ბრალდებებს, რომ პანდემიის დროს შტატის ხანდაზმულთა სახლები სათანადოდ არ დაიცვა.
შარლოტა ბენეტმა ტვიტერზე გაიზიარა ბოილანის სტატუსი რომელშიც ის კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებზე წერდა, და საკუთარი კომენტარიც დაურთო : “ვისაც გაინტერესებთ, როგორია ბატონი კუომოს ადმინისტრაციაში მუშაობა, შეგიძლიათ წაიკითხოთ“.