ნიუ იორკში უმუშევრად დარჩენილებს ბინის ქირას სახელმწიფო გადაუხდის

ნიუ იორკი ერთ–ერთი პირველია ამერიკის დიდი ქალაქებიდან, სადაც სოციალური იზოლაციის ზომები შემოიღეს. კარანტინზე დაკეტილ ქალაქში კი ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა. მაშინვე მწვავედ დადგა ბინის ქირის გადახდის საკითხი. ფედერალური მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ ყოველი ზრდასრული ამერიკელისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ – 1200–მა დოლარმა პრობლემა ვერ მოაგვარად. ნიუ იორკში ერთოთახიანი ბინის იჯარის საშუალო ფასი 2950 დოლარიდან იწყება. ამერიკაში ამაზე ძვირი იჯარა მხოლოდ სანფრანცისკოშია, სადაც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ოფისებია და ამის გამო ფასები გაბერილია.

აქტივისტები კვირების მანძილზე კატეგორიულად მოითხოვდნენ არენდის გადასახადის გაყინვას. ადგილობრივი ხელისუფლება ასეთ რადიკალურ ზომაზე არ წავიდა, თუმცა ხუთშაბათს ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანომ 100 მილიონი დოლარი გამოყო ბინების მფლობელთათვის კომპენსაციების გასაცემად, რომელთა დამქირავებლებმა პანდემიის დროს სამსახურის დაკარგვის გამო არენდის გადახდა ვერ შეძლო. გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ ამან შესაძლოა მეგაპოლისის ბევრი მაცხოვრებელი გამოსახლებისგან დაიცვას.

სახელმწიფო სახსრებმა შესაძლოა დაფაროს ბინის იჯარა 1 აპრილიდან 31 ივლისამდე. ამ ზომის ასამოქმედებლად გადაწყვეტილებას შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ხელმოწერა ესაჭიროება.