ნიუ-იორკში 3 ბავშვი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, 73 კი დაინფიცირდა. დაავადება შესაძლოა ახალ კორონავირუსს უკავშირდებოდეს. ვირუსის შემთხვევა პირველად მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
“ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა. ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
მისი თქმით, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში შეჰყავდათ, კოვიდ-დადებითი იყო ან სისხლში ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.
რაც შეეხება სიმპტომებს, ის ტოქსიკურ შოკს ჰგავს, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე. ზოგ ბავშვს ხელოვნური ვენტილაციაც სჭირდება.
ექიმების თქმით, თუ COVID-19 ხშირ შემთხვევაში მოზრდილების სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახალი დაავადება ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს. ამასთან, ახალი დაავადების სიმპტომები, ექიმების თქმით, კავასაკის დაავადებას ჰგავს, ის კი, როგორც ცნობილია, გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.
მსგავსი სიმპტომები ბავშვებში, ნიუ-იორკის შტატის გარდა, აღირიცხა ლუიზიანის, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში. უახლოეს წარსულში, სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა დაითვალეს ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, სახელმწიფო იმუშავებს ნიუ-იორკის გენომის ცენტრთან და როკფელერის უნივერსიტეტთან, რათა დადგინდეს, თუ რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი.