ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა. ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება, თუმცა მას არავინ ადასტურებდა. გუშინ საღამოს კი ნოდარ მელაძის ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის სტატუსი გამოჩნდა:
“მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო”, წერს დაბრუნდაშვილი.
იმას, რომ ნოდარ მელაძე არხიდან წავიდა და თანამშრომლებს დაემშვიდობა არხის თანამშრომლებიც ადასტურებენ, თუმცა არაოფიციალურად. ნოდარ მელაძის გვერდზე ამის დამადასტურებელი სხვა სტატუსებიც გამოჩნდა:
ნოდარ მელაძე წლების მანძილზე რუსთავი2–ში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის ზაფხულში არხი ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე რუსთავი2-ის თანამშრომელთა ნაწილთან ერთად მთავარ არხზე გადავიდა.
არხის დატოვების მიზეზები არ სახელდება, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა.