ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, შესაძლოა, ნოდარ ჯავახიშვილი სახელწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი გახდეს.
ნოდარ ჯავახიშვილი 1993-1998 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა, 2015-2016 წლებში კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა.
აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება. ქართუს ყოფილი პრეზიდენტი და ექსმინისტრი ჯერჯერობით სამსახურის უფროსის მოადგილეა.
აუდიტის სამსახური ჯერაც რჩება უწყებად, რომელიც სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების გადაცდომებს ამხელს. ნოდარ ჯავახიშვილის აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ შესაძლოა უწყებამ ასე აღარ იმუშაოს.
საქართველოს კანონმდებლობით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს, პარლამენტი კი 76 ხმით ამტკიცებს.