“ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ – დუმის დეპუტატი ნავალნიზე

“რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში არსებობს”, – ასე ეხმიანები რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი გერმანიის მთავრობის განცხადებას, რომ ნავალნი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

“უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ქიმიკატების დამზადება არ ხდება. როგორც ვიცით, ასეთი ქიმიკატები, ასეთი ტოქსიკური ნივთიერებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, ისევე როგორც აშშ-ში არის ხელმისაწვდომი”, -ამბობს შვიტკინი.

შვიტკინი გერმანიის მთავრობის საპასუხოდ ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პასუხისმგებლობის ტვირთის რუსეთზე გადატანას ემსახურება.

“ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სრული აბსურდია და არავითარ არგუმენტაციას, არავითარ მტკიცებულებებს არ ემყარება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების მიკერძოებულობას, რათა სკრიპალისა და ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგელბობის ტვირთი ჩვენს ქვეყანაზე გადმოიტანონ”, – აცხადებს დუმის დეპუტატი.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

მათი ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა. ეს მომწამლავი ნივთიერება რუსეთში მზადდება.