ნორვეგიის საიმიგრაციო სამსახურმა (UDI) დაადასტურა, რომ რუსმა ანდრეი მედვედევმა, რომელიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის (PMC) ვაგნერის ყოფილი მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა.
ეს ინფორმაცია ნორვეგიის იმიგრაციის დეპარტამენტმა Associated Press-ს დაუდასტურა. ”უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო, UDI-ს არ შეუძლია ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება”, – თქვა UDI-მ გამოცემას ელექტრონული ფოსტით პასუხში.
ყოფილი დაქირავებულის ნორვეგიელმა ადვოკატმა ბრინჯულფ რისნესმა დაადასტურა, რომ მედვედევი ნორვეგიაში იმყოფებოდა და თავშესაფარი ითხოვა.
საქმე გადაეცა ნორვეგიის საიმიგრაციო პოლიციას, რომელმაც ასევე უარი თქვა საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მედვედევი ოსლოში გადაიყვანეს და მიგრაციის კანონდამრღვევთა ცენტრში მოათავსეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცმა ნორვეგია-რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
მამაკაცი, რომელიც ხელისუფლებამ მხოლოდ უცხოელად დაასახელა, მესაზღვრეებმა დააკავეს. პოლიციის თქმით, მისი დაკავება ძალადობრივი არ ყოფილა. სასაზღვრო ზოლში მდებარე კერძო სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა.
ნორვეგიული საინფორმაციო სააგენტო NTB-ის ცნობით, მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც მედვედევი, გაქცეული იყო მას შემდეგ, რაც 6 ივლისს დატოვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”.
ვაგნერის ყოფილი მეთაური ნორვეგიაში: რა არის ცნობილი