ოპოზიციური პარტიები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობის შეფარდებას მწვავე შეფასებას აძლევენ. ოპოზიცია თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით ოპოზიციასთან მიღწეული მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება.
“ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. ის დაკავებულია იმ პოლიტიკური აქტივობის გამო, რომელსაც ის ეწეოდა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო რეპრესიული ნაბიჯი და ის უნდა იყოს თავისუფალი. ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის გუნდს, უნდა ახსოვდეს, რომ ახლა მთელი საზოგადოება არის კონცენტრირებული ამ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე, მაგრამ ეს საფრთხე გადაივლის და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. იქნება არჩევნები და ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ დაბრუნდება თუ ციხეში იქნებიან პოლიტიკური პატიმრები”, – ამბობს გიგა ბოკერია.
ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებმა შესაძლოა ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებიც დააწესონ.
“ოქრუაშვილი არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი, დევნილი და პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს მითითება სასამართლოზე, რომ ის დატოვონ პატიმრობაში. ყველა პოლიტ პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული. საჭიროა, საერთაშორისო სანქციებაზე მუშაობის დაწყება, არა მარტო ივანიშვილის მიმართ, არამედ იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც ასრულებენ ბინძურ დავალებებს”, – აცხადებს ნათელაშვილი.