ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.
“სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი”.
ენმ-ს განცხადებით, ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. მათ ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნეს, რომელიც თავად ფუტკარაძემ ჩაწერა.