ნუცუბიძეზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ინფორმაცია არსებობს ამ დროისთვის

ნუცუბიძის პლატოების და ლისის ტბის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე “ეკო გაზის“ გაზგასამართი სადგურის აფეთქების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივი აირის კომპრესორი გახდა. ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა, რასაც ძლიერი ცეხლის ალი და დარტყმის ტალღა მოჰყვა, რომელმაც მიმდებარე კორპუსებში მინების ჩამსხვრევა გამოიწვია. დაშავებულია გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელმაც ხელებზე დამწვრობა მიიღო და ის შოკურ მდგომარეობაში  დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

სადგურის მიმდებარედ ოთხი ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საღამოობით ამ ტერიტორიაზე მუდმივად ხალხმრავლობაა, რადგან გარშემო მდებარეობს კაფე, სამრეცხაო, მაღაზია.

ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ შეიძლება კორპუსების შუაში იდგეს გაზგასამართი სადგური და ისინი ყოველთვის შიშობდნენ, რომ შესაძლებელია აქ ნებისმიერ დროს აფეთქება მომხდარიყო.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელშიც ნათქვამია:

“თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.“ – წერია განცხადებაში.