ექსპერტი გია ნოდია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე ოცნების მხარდამჭერთა რეაქციას აფასებს. ოცნების მხარდამჭერები პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა და მათი ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საქართველო “არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან მის გადაწყვეტილებებში დასავლეთი ერევა“:
“გაწბილებული სულიერი ქოცისტანი „სუვერენიტეტის დაკარგვაზე“ მოთქვამს. „როგორ გვექცევა, კაცო, ეს დასავლეთი…“
ზედაპირულად რომ შევხედოთ, მათ წყენას აქვს რეალური საფუძველი: დასავლეთის ზეწოლა რომ არა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გარეთ არ იქნებოდნენ და კიდევ ბევრი რამე იქნებოდა სხვანაირად.
მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად. ფორმალურ მხარეს თუ გვერდზე გადავდებთ, საქართველოს სუვერენტიტეტის ძირი მდგომარეობს მის დასავლურ არჩევანში. ეს არჩევანი სუვერენულია, რადგან ჩვენთვის არავის დაუძალებია. ის სხვანაირიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ზოგი გარე დამკვირვებლისთვის პარადოქსულიც ჩანს: გეოგრაფია არ გვიწყობს ხელს, რომ რუსეთს ვეჭიდავოთ. მაგრამ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.
ეს არჩევანი სააკაშვილის მთავრობის დამსახურება არაა. ის დაიწყო თერგდალეულებით, გაგრძელდა – და განმტკიცდა – პირველ რესპუბლიკაში და ეროვნული მოძრაობის პერიოდში აღორძინდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ნამდვილად იყო ყველაზე წარმატებული იმ მხრივ, რომ ზოგად იდეას (შედარებით) თანმიმდევრული პოლიტიკური ქმედების ფორმა მისცა.
მაგრამ ჩვენს არჩევანს აქვს ლოგიკური შედეგები. სურვილი, დასავლეთმა მის ნაწილად გვაღიაროს (ეს სწორედ ჩვენი სურვილია და არა მათი) მას ჩვენზე გავლენის ბერკეტებს აძლევს. იმისათვის, რომ რაღაც ერთობის ნაწილად გაღიარონ, მისი სტანდარტები უნდა დაიცვა. თუ გინდა, ზეპურ საზოგადოებაში მიგიღონ, უნდა იბანავო, რომ არ ყარდე. მერე არ უნდა იწუწუნო, რომ ხსენებული ზეპური საზოგადოება შენს სუვერენიტეტს ლახავს იმით, რომ ბანაობას გაიძულებს.
ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ დასავლეთის დარწმუნებას, რომ ევროპელი ერი ვართ. ჯერ ბოლომდე ვერ დავარწმუნეთ, მაგრამ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ: გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ საქართველო, რაღაც აზრით მაინც, ევროპული სამყაროს ნაწილია. მაგრამ ის, ვინც ეს, როგორც იქნა, დაგვიჯერა, უფრო მაღალ სტანდარტებს გვიყენებს. როცა ჩვენი მხრიდან ყროლის სუნი მოსდის, ჯერ ცდილობს, ბუნდოვანი დიპლომატიური მინიშნებებით მიგვახვედროს, რომ რაღაც ისე ვერ არის. მერე, როცა მინიშნებები არ ჭრის, სულ უფრო პირდაპირ გეუბნება, ასეთი არ მინდიხარო.
ნუ გექნება ევროპელობის პრეტენზია, იყავი რუსულ ჭაობში ჩაკარგული ევრაზიელი, და ვისაც გინდა, შენს გემოზე ჩასვამ ციხეში. ემნისტი ინთერნეიშნელი და ჰუმან რაითს უოჩი მაინც გაგაკრიტიკებს, მაგრამ დააიგნორებ. იმ ევროპარლამენტარებს და ამერიკელ სენატორებს შენზე ხელი ჩაქნეული ექნებათ და დიდ ყურადღებას არ მოგაქცევენ. ალტერნატივა ესაა.“– წერს გია ნოდია.