ნუ დაადგებით იანუკოვიჩის გზას – კუბილიუსი “ქართულ ოცნებას”

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ დაადგეს იანუკოვიჩის გზას, რომელიც მათსავით ამტკიცებდა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები დამნაშავეები იყვნენ.

,,მე ვნახე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. მე არ ვიცი ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს მმართველი ძალა, შეიძლება დასავლეთ ევროპაში, მათ ვინც არ იციან საბჭოთა ტრადიციები დაიჯერონ მათი ენა, მაგრამ ჩვენ ლიეტუველებს, რომლებმაც კარგად ვიცით რა არის საბჭოთა კავშირი, ამის არ გვჯერა.

ჩვენ გულუბყვილოები არ ვართ, ეს დავიჯეროთ. ამიტომ მე დაჟინებით ვთხოვ მმართველ პარტიას ხელისუფლებას და მათ ლიდერებს ნუ დაადგებიან იანუკოვჩის გზას… იანუკოვიჩის, რომელიც დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის ლიდერები იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო უბრალოდ დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას არ დახარჯოს დრო იგივეს სამტკიცებლად და არ მოიქცეს ისე როგორც იანუკოვიჩი, – ამბობს კუბილიუსი “მთავარ არხთან საუბრისას”.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ნდობას დაკარგავს და იარსებებს ეჭვები, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, ეს დახმარების გამოყოფას შეაფერხებს, რომელიც საქართველოსთვის არის გათვალისწინებული.

,,ამით დაზარალდება ქართველი ხალხი და არა მთავრობა, ევროკავშირის დახმარება ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ამ სახსრების გამოყოფას თავისი პირობები მოყვება – ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დასავლურ სტანდარტებს. ევროპარლამენტში სულ უფრო მეტი და მეტი დეპუტატია, რომელიც შეწუხებულია მთავარი შეთანხმების შეუსრულებლობით. იგივე ამერიკის კონგრესშიც”,- აცხადებს კუბილიუსი ,,მთავარ არხთან”.

დღეს უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ კუბილიუსი ცდილობს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება “კონკრეტული კრიმინალების” გათავისუფლებას დაუკავშიროს.

მის განცხადებას უპასუხა გია ჟორჟოლიანმაც და თქვა, რომ არავინ ,,არ ეკითხება ფინანსებს ბატონ კუბილიუსს” და მისი ,,შანტაჟისმაგვარი წერილი” საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი.