“ნუ დამირეკავთ“–ვინ შეინარჩუნა პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან დარეკვის უფლება

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში სცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ პოლიტიკიდან მართლაც მიდის და აღარ აპირებს არც პოლიტიკურ პროცესში და არც მის პარტიასთან დაკავშირებულ საქმეებში ჩარევას.

“არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდს წევრზე, რომელებიც ძალიან მიყვარს და რომელთაც დიდ პატივს ვცემ, არანაირი შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ“, -თქვა  ბიძინა ივანიშვილმა.

თუმცა ბევრს არ ჯერა მისი გულწრფელობის და იმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. სავარაუდოდ ის პროცესებზე გავლენას და კონტროლის მექანიზმებს შეინარჩუნებს. მასთან დარეკვა კი შესაძლოა ოცნების რიგითი წევრებისთვის მართლაც მიუწვდომელი იყოს, თუმცა იქნებიან გამონაკლისები.

ქრონიკა + ერს, რომ ივანიშვილთან დარეკვის უფლება რამდენიმე ადამიანს დარჩა.

გამოცემა ოცნებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილთან დარეკვის უფლება ექნებათ: კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვახტანგ გომელაურს, ანზორ ჩუბინიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და გიორგი გახარიას.

ქრონიკა + წერს, რომ ივანიშვილმა საკონტაქტოდ ურთიერთმოძულე ადამიანები შეარჩია, რომლებიც ლიდერთან “ერთმანეთსაც ჩაუშვებენ და ვითარებასაც გააცნობენ მას. “ოცნების ყოფლი თავმჯდომარე ასე უფრო კარგად გააკონტროლებს ქართულ ოცნებას“– ამბობს ქრონიკა+–ის წყარო, რომლის ინფორმაციით ივანიშვილთან დარეკვის უფლება რამდენიმე ცნობად სახესაც ექნება.