ენმ–ს წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ არჩევნების ბედს არა მაჟორიტარები, არამედ პროპორციული ნაწილი წყვეტს.
„ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არანაირ დათმობაზე არ წავალთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, იმიტომ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, პროპორციული არჩევნების გზით. ამიტომ ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი”, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ენმ საკუთარ მხარდამჭერებს იმას შესთავაზებს, რასაც მოელიან.
„ჩვენ გავუკეთებთ საზოგადოებას იმ პოლიტიკურ შეთავაზებას, რომელსაც ჩვენი მხარდამჭერები მოელიან ჩვენგან. ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენი ამომრჩევლები, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა, სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.
მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა პარტია გირჩმაც.