ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ნუ ცდილობენ “კანონზე და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობას”.
“მინდა მოვუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არ მოსწონთ არჩევნების შედეგები, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, დააფიქსირონ მათი პრეტენზიები სამართლებრივი ფორმით, იმოქმედონ სამართლებრივი მექანიზმებით და ნუ ცდილობენ, იძალადონ კანონზე და ამომრჩევლის ნებაზე. ასევე, მინდა მოუვოწოდა და მივმართო ცესკოს, აუცილებლად დეტალურად შეისწავლონ, თითოეული არგუმენტირებული საჩივარი, იმისათვის რომ სპეკულაციისთვის დარჩეს ნაკლები სივრცე”,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა არჩევნებზე იყო დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმები, თუმცა ამას ცესკო იკვლევდა და ოქმები სწორდებოდა. მდინარაძის თქმით, უბნებს, სადაც არის ბიულეტენების დანაკლისი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან შეიძლება ვინმემ უბნიდან ბიულეტენი გაიტანს. “ეს შეიძლება სპეციალურადაც გაკეთდეს რომელიმე პირის მიერ რომელიმე პარტიის დავალებით ასეთი სპეკულაციებისთვის”,– თქვა მდინარაძემ.