ნუ ციტირებთ მოსეს რჯულს, იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით – დეკანოზი ლომიძე მეუფე იოანეს

დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმიანება მეუფე იოანეს მიერ მოსეს რჯულის ციტირებას, რომლითაც მან ბავშვებზე ძალადობა, მათი “ჩაქოლვა” გაამართლა.

ლომიძის განმარტებით, მოსეს რჯული დამისი მკაცრი კანონი ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი, რათა “რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის”.

“ამას ეძღვნება მთელი გალატელთა მიმართ წერილი პავლესი ახალ აღთქმაში. თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული”,– წერს დეკანოზი.

ის იშველიებს ქრისტესთან მრუში ქალის მიყვანის ამბავს, როდესაც ღმერთმა თქვა, მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. დეკანოზის შეფასებით, ესაა სწორედ ქრისტეს რჯული – “ბევრად მაღალი და ღვთაებრივი”.

“თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი.

P.S. ისე მრუშობისთვის, ანუ მეუღლის ღალატისთვის და მკითხაობა-ცრუმორწმუნეობისთვისაც ქვით ჩაქოლვა იყო მოსეს რჯულში. რამდენი ვერ გადარჩებოდა სიკვდილს, მოსეს რჯულით რომ ვხელმძღვანელობდეთ დღეს?!”,– წერს დეკანოზი.

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებისას თქვა, რომ “მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო”.