ოზონოთერაპია Covid19-ის სამკურნალოდ, რომლის გამოყენება საქართველოში დაიწყეს ამერიკის სასამართლომ აკრძალა

ოზონოთერაპია, რომლის გამოყენება ქართველმა ექიმებმა Covid19-ის წინააღმდეგ დაიწყეს, როგორც ირკვევა ამერიკის სასამართლომ ორი დღის წინ აკრძალა. ამის შესახებ ფეისბუქზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე წერს:

“პოსტი არ ემსახურება არავის კრიტიკას, არამედ არასამედიცინო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და წარმოადგენს ჩემს პირად აზრს. რადგან ბევრმა მომწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ შევეცდები გაგცეთ პასუხი.

რა პრინიპული განსხვავებაა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილ და ექსპერიმენტულ მკურნალობას შორის?

როდესაც პაციენტს ეძლევა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილი მკურნალობა, მას ექიმი, როგორც წესი, აზრს არ ეკითხება; უბრალოდ ეუბნება რომ პაციენტს ეს წამალი ეკუთვნის. ამ ერთი შეხედვით მარტივი ქმედების უკან დგას წლების განმავლობაში დაგროვილი კვლევები და გამოცდილება ამ წამლის **უსაფრთხოების** და დადებითი ეფექტების შესახებ. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, პაციენტს აქვს უფლება, უარი თქვას შეთავაზებულ მკურნალობაზე, რადგან პირველ რიგში ის არის პასუხესმგებელი თავის ჯანმრთელობაზე.

როდესაც პაციენტს ეძლევა ექსპერიმენტული მკურნალობა (კვლევის სახით), მას უნდა განემარტოს რომ პაციენტი არის **ექსპერიმენტის** ნაწილი, ანუ ის რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს წამალი მას უფრო ავნებს თუ უფრო უშველის; მას უნდა ავუხსნათ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები და ვინმემ (როგორც წესი წამლის თუ პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ ან თავად კვლევის დამფინანსებელმა) უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველანაირი პოტენციური ზარალის ანაზღაურებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მესამე, ნეიტრალური მოწმის თანდასწრების პირობებში და პაციენტმა (ან მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელმა ოჯახის წევრმა) ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის დოკუმენტს. ამავე დროს, უნდა არსებობდეს საღი აზრის ფარგლეფში ეჭვი, თუ რატომ არის ეთიკურად გამართლებული ადამიანზე კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარება.

მაგალითისთვის, გუშინ შტატების ფედერალურმა სასამართლომ დალასის (ტეხასის შტატი) ერთ ერთი ჯანმრთელობის ცენტრს აუკრძალა ოზონოთერაპიის გამოყენება კოვიდ 19 დაავადებულების სამკურნალოდ https://bit.ly/2xbyOJm. კონკრეტული შემთხვევა ამერიკის FDA-მ და FBI-მ გამოიძიეს.“– წერს მამუკა მაჩაიძე.

შეგახსენებთ, რომ კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბათუმელმა ექიმებმა ოზონოთერაპია გამოიყენეს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით დიდი წარმატება ჰქონდა. თენგიზ ცერცვაძის  თქმით მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება:

 

„მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება ორი თვის შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განმარტებით ოზონოთერაპია არის ოზონის ინტრავენურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში:

 

„ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის, ყველამ იცის რა არის, შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს”, – უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.