ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.
დაკავებულიდან ერთ-ერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ვიცეჩემპიონი იური ლომაძეა, ასევე მისი ძმა ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი. მათ მოქალაქე იძულებით გაიტაცეს ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბოხვაურში და მიტოვებულ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სპორტსმენების ახლობლის შეყვარებულია, ძალადობის მიზანი კი შურისძიება იყო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.