ოზურგეთში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოზურგეთში დღეს დილით მკვლელობა მოხდა. 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციას ჩაბარდა. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი სამ შვილთან ერთად ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი შვილებთან ერთად ამ მისამართზე საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევამდე ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მივიდა.

„გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.

მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება.