ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს – ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტება

თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს. საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა, კერძოდ, ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებდა სააღმზრდელო პროცესს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცეს.

შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება“,- აღნიშნავენ სააგენტოში.