ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან მდებარე ტყეებში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ სამოქალაქო პირები და სამხედროები არიან დამარხული. მედია ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს. ფოტოებზე აღბეჭდილია საფლავები, რომლებიც რუსული არმიის გასვლის შემდეგ დარჩა. ქალაქი იზიუმი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ იყო დაპყრობილი.
ზოგიერთ საფლავზე ჯვარია, მათზე კი წარწერები. ზოგან ჩანს გვირგვინები. ზოგ სამარხს არანაირი ნიშანი არ აქვს. წარწერები ასეთია: “ВСУ, 17 ადამიანი, მორგიდან, “345“, “412“. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კურატორი, ოლეგ კოტენკო ადასტურებს ფოტოების ნამდვილობას. ამჟამად ის ადგილზე იმყოფება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალექსეი კოპიტკომ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ იზიუმისთვის მიყენებული ზიანი და ნგრევა თავისი მაშტაბებით რამდენიმე ბოროდიანსკს უდრის, მსხვერპლის რაოდენობით კი მინიმუმ ორ ბუჩას კიევის ოლქიდან.
კოპიტკოს თქმით, იზიუმში რუსებმა მეტი რაკეტები ჩამოყარეს, ვიდრე მარიუპოლში, თუმცა მოსახლეობა იზიუმში 10–ჯერ ნაკლები იყო.
“არის საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლები, რომლებსაც შეგნებულად ესროდნენ ავიაბომბებს. მთელი სადარბაზოები ჩამოიშალა. ათეულობით ადამიანი დაიღუპა. როგორც კი ჩვენი მებრძოლები ფრონტს აღმოსავლეთით ცოტა უფრო მეტად გადაწევენ, უზარმაზარი სამუშაო გველის ამ დანაშაულების დაფიქსირებისა და გამოძიებისთვის“– თქვა მან.
მანამდე იზიუმში მინიმუმ ათასი სამოქალაქო პირის დაღუპვაზე განაცხადა იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, მაქსიმ მტრელნიკოვმა. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა, რადგან დროულად ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში იზიუმში ყველა სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს.