უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
“მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. მოწინააღმდეგე წარუმატებელ შეტევას ახორციელებს ავდიივკას მიმართულებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლების მიდამოებში და ასევე დონეცკის ოლქის სოლოს, კრასნაია გორას, ბახმუტის, კლეშეევკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარინკასა და პობედას დასახლებებთან.
გენერალური შტაბის ცნობით, ვითარება უცვლელია ვოლინის, პოლესკის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით.
„უკრაინის თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს მტრის მხრიდან პროვოკაციული მოქმედებების ან დივერსიის აღსაკვეთად, გაძლიერებულია საჰაერო თავდაცვა“, – აცხადებენ გენშტაბში.