ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, –  ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.