ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მასალები ააფეთქეს

უკრაინის ატომური ენერგიის ეროვნული კომპანიის განცხადებით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები ააფეთქეს.

“რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ენერგოსადგურის მოედანზე, სასწავლო ცენტრის ნანგრევების მახლობლად და N1 ენერგობლოკთან  საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს. ისინი აპირებენ, გააგრძელონ აფეთქებები უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. კიდევ რა ტერაქტებია საჭირო პარტნიორების გადამწყვეტი მოქმედებებისთვის?” – აცხადებს კომპანია ენერგოატომი.

მათი ცნობით, აფეთქებების დროს პერსონალმა სამუშაო ადგილი დატოვა.

შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

კომპანიის შეფასებით, რუსეთის მოქმედება არღვევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო წესსა და მოთხოვნას.