რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა თქვა რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
“ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს”, – თქვა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები: სოფლები ნიკოლაევკა, ოლგოვკა, ლევო, ტიაგინკა, პონიატოვკა, ივანოვკა, ტოკარევკა, პონიატოვკა, პრიდნეპროვსკოე, სადოვოე და ნაწილობრივ ქალაქი ხერსონი – კუნძული კორაბელი.